მიმდინარე წლის 11 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.
„ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.