ბათუმში ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავეს - სუსი

06 ივნისი 2024, 10:27 473 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური ოპერაცია ქალაქ ბათუმში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები.

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში