თურქეთში მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება - ერდოღანი

16 მაისი 2024, 19:23 426 ნახვა

თურქეთში მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ირაკლი კობახიძესთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

"დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა. კიდევ ერთხელ დავუჭირე მხარი ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ძალიან გამახარა იმან, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, საქართველო-თურქეთს შორის დღეს არსებული ინვესტიციები ცხადყოფს, რამდენად ძლიერია ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის.

„მინდა, ვთქვა, რომ რამდენიმე ინვესტორი, ამჟამად 300, არის თურქეთიდან საქართველოში და გამუდმებით, უწყვეტად ახორციელებენ ინვესტიციებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ეს ცხადყოფს, რამდენად ძლიერია ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.

"რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება, იმედი მაქვს, ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება, ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო, ენერგეტიკულ პროექტებზეც იმავე წარმატებით ვიმუშავებთ. პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა – აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკულ პროექტებში, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც გამოვთქვით სურვილი და დაპირება“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ და გლობალურ საკითხებს.

„ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადეობის ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ. მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონისა და დიპლომატიის ფარგლებში. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად, ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ეს გააკეთოს“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე განცხადებით, საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელობას.

"ჩვენი საუბრის დროს ერთმანეთს გავუცვალეთ მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ხაზი გავუსვით მშვიდობის, მშვიდობიანობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. ამ მიმართულებით აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოსაზრებაა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის“, - აღნიშნა ერდორანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევა აღნიშნა, რომ საუბარი ასევე შეეხო ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორისტული ორგანიზაციების მიმართულებით მუშაობას, როგორებიცაა FETÖ  და PKK.

"დავპირდით ერთმანეთს, რომ ვითანამშრომლებთ, რათა ამ უკანონო თურქულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, ქვეყნის შიგნითა და გარეთ ვითანამშრომლოთ და ძალისხმევა არ დავაკლოთ ამ მიმართულებას. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ტერორისტების დევნასა და დასჯას“, - განაცხადა ერდოღანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი