ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად, თქვენ მარტო არ ხართ - ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

15 მაისი 2024, 23:30 384 ნახვა

ჩემი აქ ყოფნა არის სიმბოლური ჟესტი, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად, რომ თქვენ მარტო არ ხართ, – ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში შესვლის ფასი, არამედ რეალური საფუძველია კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად.

„მე ძალიან პატარა ქვეყნიდან ვარ. თქვენთან და ბალტიისპირეთთან შედარებით ძალიან განსხვავებული ისტორიით და გამოცდილებით. კერძოდ, მე ვარ აქ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში შესვლის ფასი, არამედ ძალიან რეალური საფუძველია კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად. ისლანდიაში ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რადგან ისლანდიის მცირე მოსახლეობა ყოველდღიურად იყენებს იმ ღირებულებების სარგებელს, რომლებსაც ვშიშობთ, ეს კანონმდებლობა საფრთხეს შეუქმნის.

30 წლის წინ ჩვენ ასევე პატარა მოსახლეობა ვიყავით, უფრო მცირე. ჩვენ ვიდექით ბალტიისპირეთის ქვეყნების გვერდით, როდესაც ისინი იბრუნებდნენ დამოუკიდებლობას. ასე რომ, ჩემი აქ ყოფნა არის სიმბოლური ჟესტი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად, რომ თქვენ მარტო არ ხართ და აქ ვიმოგზაურეთ საქართველოსა და ხალხის პატივისცემით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველო ჩავთვალოთ მსოფლიოს იმ ნაწილად, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებებსა და უფლებებს, რომელსაც თავს ესხმის რუსეთი“, - აღნიშნა თორდის კოლბრუნმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი