ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს

15 მაისი 2024, 22:47 394 ნახვა

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.

ქართველო ხალხო, თქვენი კანონიერი ადგილი ევროპაშია და ყველა ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ეს კურსი გაგრძელდეს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართველო ხალხო, მე ჩამოგიტანეთ ესტონელი ხალხის გზავნილი, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენი ერები ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული, რადგან ვიზიარებთ საერთო ისტორიას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის თავისუფლების ფასი და ვიცით, რომ თავისუფლება არ არის თავისთავად არსებული მოცემულობა. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, რას მიეკუთვნება, რა ღირებულებებს იზიარებს და უჭერს მხარს. ვიცი, რომ თქვენთან, ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ვიზიარებთ დემოკრატიის, თავისუფლების ერთნაირ ღირებულებებს" - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის თორდის კოლბრუნის განცხადებით,  თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში შესვლის ფასი, არამედ რეალური საფუძველია კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად.

"მე ვარ აქ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში შესვლის ფასი, არამედ ძალიან რეალური საფუძველია კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად. ისლანდიაში ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რადგან ისლანდიის მცირე მოსახლეობა ყოველდღიურად იყენებს იმ ღირებულებების სარგებელს, რომლებსაც ვშიშობთ, ეს კანონმდებლობა საფრთხეს შეუქმნის.

30 წლის წინ ჩვენ ასევე პატარა მოსახლეობა ვიყავით, უფრო მცირე. ჩვენ ვიდექით ბალტიისპირეთის ქვეყნების გვერდით, როდესაც ისინი იბრუნებდნენ დამოუკიდებლობას. ასე რომ, ჩემი აქ ყოფნა არის სიმბოლური ჟესტი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად, რომ თქვენ მარტო არ ხართ და აქ ვიმოგზაურეთ საქართველოსა და ხალხის პატივისცემით"- აღნიშნა თორდის კოლბრუნმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ამ გზაზე სწრაფად წინ წაწევა.

"ჩვენ ყველას გვძულს პოსტსაბჭოთა იარლიყი. ჩვენ დაკავშირებული ვართ საერთო ისტორიითა და მისწრაფებებით.

„ვარდების რევოლუციის“ პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნები თქვენ გვერდით იდგნენ. ხუთი თვის შემდეგ ჩვენ შევედით ნატო-ში და შემდეგ ევროკავშირში, და ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ამ გზაზე სწრაფად წინ წაწევა. ამის შემდეგ უკრაინელები დადგნენ ფეხზე ნარინჯისფერი რევოლუციის დროს და იყო შეგრძნება, რომ ახალი მომენტი დადგა დატყვევებული ერებისთვის, რომ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს თავს, ჩვენს თავისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ. ცხადია, რომ ისტორია აქ არ სრულდება. მოსკოვი არ არის დაინტერესებული ბედნიერი დასასრულით და მუდმივად მუშაობს ჩვენს დასაყოფად, რომ ჩვენ საკუთარ თავში დავეჭვდეთ.

ჩვენ ერთად ვდგავართ, რადგანაც ვიზიარებთ საერთო გეზსა და მიზანს. საქართველოს ხალხს, ისევე როგორც ლიეტუვის ხალხს სჯერათ ერთიანი, თავისუფალი, მშვიდობიანი და დემოკრატიული ევროპის. მთავრობას აქვს ეს ვალდებულება თქვენთან, რადგანაც თუ ეს ასე არ არის, მაშინ ისინი ახდენენ საქართველოს იმ იმედისგან იზოლაციას ახდენენ, რომ წარსულს გაექცევა",- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი