სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის ივნისში თბილისში აქციების საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა

07 მაისი 2024, 14:45 227 ნახვა

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის ივნისში თბილისში აქციების საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართული აქციების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილი დაირღვა.

კონვენციის ამ მუხლით აკრძალულია არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა. აპლიკანტები ამტკიცებდნენ, რომ მათ მიერ მიღებული ტრავმები სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტების შედეგია და ამ საქმის გამოძიება არ არის ეფექტური.

სასამართლომ სარჩელის ეს ნაწილი დააკმაყოფილა და სახელმწიფოს აქციების დროს დაზარალებული მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 15 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა მიიღოს ოთხმა მოქალაქემ. მათ შორის მაია გომურმა, ალექსანდრე ჩანქსელიანმა, დავით ქურდოვანიძემ და გიორგი სულაშვილმა.

სასამართლომ თავი შეიკავა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის არსებით ნაწილზე, ასევე მეათე მუხლის (აზრის გამოხატვის თავისუფლება) და მეთერთმეტე მუხლის (შეკრების თავისუფლება) შესაძლო დარღვევის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისგან.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა სარჩელის ნაწილი, რომელშიც მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფომ ასევე დაარღვია ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც საქმის განხილავს ეხება. კერძოდ, აპლიკანტები ამტკიცებდნენ, რომ მთავრობამ არ შეასრულა მოვალეობა და წინასწარ არ მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს მათ საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებზე. კონკრეტულად კი ახალ კანონმდებლობაზე.

ასევე სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის მეცამეტე მუხლის (ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება) დარღვევის გამოკვლევის საჭიროება არ დგას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში