უცხოური მედია თბილისის აქციაზე

01 მაისი 2024, 09:59 398 ნახვა

ქართულმა სპეცრაზმმა უცხოური აგენტის კანონპროექტის მოწინააღმდეგეები წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა  და შუქ-ხმოვანი ხელყუმბარებით დაარბია - წერს სააგენტო როიტერსი და თბილისში საქართველოს პარლამენტის წინ  გუშინ გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის.

სიტუაცია დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე  მკვეთრად მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატებმა  "უცხოელი აგენტების" კანონპროექტის განხილვა დაასრულეს და შენობის დატოვება სურდათ. 

ქართული ოპოზიცია  და დასავლური ერები ამ კანონპროექტს  ავტორიტარულს უწოდებენ. როიტერის თანახმად,  დარბევის შემდეგ დაახლოებით ორი ათასმა მომიტინგემ კაფეების  მაგიდებით, სკამებითა და ნაგვის ურნებით განაგრძო   რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.

კანონპროექტმა გააძლიერა განხეთქილება ღრმად პოლარიზებულ სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში,  მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაუპირისპირა საპროტესტო მოძრაობას, რომელსაც მხარს უჭერენ ოპოზიციური ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოება, ცნობილი სახეები და ქვეყნის პრეზიდენტი - წერს როიტერსი.  

თბილსიში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ბიბისი.  საქართველოში სპეცრაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რათა დაეშალა მომიტინგეები. ისინი აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციის თქმით, მედიისა და სიტყვის  თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული - წერს გამოცემა. კანონპროექტის ოპონენტები მოითხოვენ, რომ მთავრობამ გააუქმოს იგი და ამტკიცებენ, რომ ის შთაგონებულია ავტორიტარული კანონმდებლობით, რომელსაც მეზობელი რუსეთი  განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.

პარალელები გაკეთდა კანონთან, რომელიც რუსეთში 2012 წელს შევიდა ძალაში და რომელიც მას შემდეგ რუსეთის მთავრობამ გამოიყენა კრემლის ოპონენტების მარგინალიზაციისთვის - მათ შორის კულტურის ცნობილი მოღვაწეების, მედია ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ - წერს ბი-ბი-სის კორესპონდენტი სამხრეთ კავკასიაში რაიჰან დემიტრი. მისი თქმით, ბევრს აწუხებს ისიც, რომ ასეთი კანონი საქართველოს ჩამოაშორებს ევროკავშირში ნანატრი წევრობის სტატუსისკენ მიმავალი გზიდან, რომელსაც - აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით - ქართველების თითქმის 80% უჭერს მხარს. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა, მაგრამ ახლა როგორც ბრიუსელში, ისე ვაშინგტონში განაცხადეს, რომ  უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება დააზარალებს  საქართველოს ევროპულ ამბიციებს.

ბი-ბი-სის თანახმად, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონპროექტი არის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და უარყოფს მოსაზრებას, რომ ის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს,  ან, რომ რუსეთი დგას კანონპროექტის უკან. ორშაბათს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი აქცია მოაწყო.

საქართველოს დედაქალაქში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც ქვეყნის პარლამენტის წინ აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომელიც მედია და არაკომერციული ორგანიზაციებისგან მოითხოვს  დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის ქვეშ მყოფები, თუ  დაფინანსების 20%-ზე მეტს  საზღვარგარეთიდან იღებენ -წერს ასოშეიტედ პრესი.

ათასობით დემონსტრანტი  მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის ნანატრი პერსპექტივისთვის და  გმობენ მას, როგორც „რუსულ კანონს“, რადგან მოსკოვი ანალოგიურ  კანონმდებლობას დამოუკიდებელი საინფორმაციო მედიისა და კრემლის მიმართ კრიტიკული ორგანიზაციების სტიგმატიზაციისთვის იყენებს. გავლენიანი ამერიკული საინფორმაციო სააგენტო გასული წლის მოვლენებსაც იხსენებს და წერს, რომ მაშინ მმართველ პარტიაზე ქუჩის მასობრივი  პროტესტების შემდეგ კანონპროექტი გაიწვიეს.

ასოშეიტედ პრესი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზე აკეთებს აქცენტს და წერს, რომ ქვეყნის ლიდერი მკაცრად აკრიტიკებს ამ კანონპროექტს  და პირობა დადო, რომ მას ვეტოს დაადებს.  თუმცა, მმართველ პარტიას შეუძლია დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით ეს სადავო კანონპროექტი კანონად გადაიქცეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში