ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია - პრემიერი

30 აპრილი 2024, 11:30 380 ნახვა

ჩვენს ჯარზე, ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქართული ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე.

"ჩვენი ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ქედს ვიხრი ყველა მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც გმირულად დაეცა სამშობლოს დასაცავად თუ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მათი სიმამაცე, პატრიოტიზმი და სიმტკიცე ის ღირებულებებია, რომლებსაც თავდაცვის ძალები ეფუძნება. მინდა, ეს დღე მივულოცო ყველა ვეტერანს და მადლობა ვუთხრა მათ სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის.

თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს. ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მათ მხარი და დავაფასოთ მათი თავგანწირვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ გზაზე, ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება.

"მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს. გფარავდეთ ღმერთი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიულ დღეს - საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ზეიმობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი