შსს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გეგმავს და სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობაში ერთვება - გომელაური

19 აპრილი 2024, 13:51 239 ნახვა

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, არაერთი ცვლილება განხორციელდა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე რეაგირების, ასევე, პრევენციის მიმართულებით.

"ცალკეული დანაშაულისთვის დამამძიმებელ გარემოებად გენდერის ნიშანი განისაზღვრა და გამკაცრდა სასჯელი; გაიზარდა  ოჯახში ძალადობისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელი; შემაკავებელი ორდერის პირველივე დარღვევა გახდა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება; სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამკაცრდა სასჯელები და დაიწყო მსჯავრდებულ და უფლებაჩამორთმეულ პირთა მონიტორინგი. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონი არეგულირებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და რეაბილიტაციის პროცედურებს. 2021 წელს, კანონში შევიდა ცვლილება და პრევენციულ ღონისძიებებზე განმახორციელებელი უწყებების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომელთა შორის, უდიდესი როლი  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია.

უწყებების დროული, კოორდინირებული საქმიანობა, ასევე, განისაზღვრება მთავრობის მიერ 2024 წელს დამტკიცებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებით“. ასევე, უწყებათა კოორდინირებულ მუშაობას განსაზღვრავს 2016 წლის „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ მთავრობის დადგენილება, რომელიც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სუბიექტებს სამართალდამცავი უწყების ინფორმირებას ავალდებულებს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია მსგავსი კატეგორიის დანაშაულების, როგორც პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ასევე, რეაგირების კუთხით.

„მაგალითად, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვნის ქორწინების იძულებას, ქორწინებას ან ოჯახში ძალადობას, ძალიან მნიშვნელოვანია დროული კომუნიკაცია შესაბამის უწყებებს შორის, როგორიცაა: განათლების სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები. ასევე, რეფერირების ფარგლებში, სერვისების მიწოდების ან/და თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად.

 

2017 წლიდან, მთავრობის დადგენილებით, მოქმედებს „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია“. აღნიშნული კომისია აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ორგანოებისთვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისა და ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, უწყებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მომიჯნავე სამინისტროებთან, შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან კოორდინირებული თანამშრომლობა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ აქტივობაში.

„გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, წლების მანძილზე, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ტარდება საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“. კამპანიის ფარგლებში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, საქართველოს მასშტაბით, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებასა და პროექტს ახორციელებენ. ასევე, სამინისტრო ყოველწლიურად ერთვება „თანასწორობის კვირეულსა“ და „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიაში“. 2023 წელს, სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. ასევე, მონაწილეობდნენ სხვა უწყებებისა და პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, ამერიკის საელჩოს, შვედეთის საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებულ შეხვედრებში. ამ კამპანიების ფარგლებში, 2023 წელს ჩატარდა 80-მდე შეხვედრა, რასაც დაესწრო 2300-ზე მეტი ადამიანი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში