აქციის დროს მორიგეობდა სასწრადო დახამრების 12 ბრიგადა, მათ ადგილზე ათეულობით ადამიანმა მიმართა, თითოეულ მათგანს გაეწია შესაბამისი დახმარება - თამარ გაბუნია

17 აპრილი 2024, 14:12 386 ნახვა

დაშავებულია ორი პოლიციელი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ გადაიყვანა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით დღეს დილით გაეწერა ბინაზე - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ისაუბრა აქციაზე დაშავებული პირების რაოდენობასა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

აღნიშნა, რომ თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა ხუთი მოქალაქე. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდათ სათანადო სამედიცინო მომსახურება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ, სამწუხაროდ, დილიდან შეიმჩნევა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები 16-17 აპრილის ღამეს მიმდინარე მოვლენების შედეგად დაშავებულთა შესახებ, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ფაქტობრივი ინფორმაცია დაშავებული პირების თაობაზე. დაშავებულია ორი პოლიციელი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ გადაიყვანა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით დღეს დილით გაეწერა ბინაზე.

 

თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა ხუთი მოქალაქე. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდათ სათანადო სამედიცინო მომსახურება. ერთ მოქალაქეს დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გაეწერა ბინაზე; მეორე მოქალაქეს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები თავის მიდამოში, დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობა უტარდება თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით; მესამე მოქალაქეს აღენიშნებოდა თავის ტვინის დაზიანებები და დაზიანებები სახის არეში, დადგენილია ტვინის შერყევა, ასევე მარცხენა ხელზე მიღებული აქვს მსუბუქი ტრავმა. მოტეხილობები არ აღენიშნება. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობა უტარდება თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით; მეოთხე მოქალაქეს დაუდგინდა მარჯვენა იდაყვის ძვლის მოტეხილობა, ჩატარდა ოსტეოსინთეზი, ოპერაციამ ჩაიარა დამაკმაყოფილებლად, ასევე აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა ტერფზე. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად მიმდინარეობს პოსტოპერაციული მონიტორინგი; მეხუთე მოქალაქეს აღენიშნებოდა თავის მიდამოს დაზიანება, ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, დადგინდა ტვინის შერყევა. სხვა დაზიანებები და მოტეხილობები არ გამოვლენილა. შეთავაზებულ იქნა სტაციონარში მოთავსება და მკურნალობის გაგრძელება, თუმცა მან სტაციონარში მკურნალობაზე უარი განაცხადა და გაეწერა ბინაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პარლამენტთან არ იყო მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მოქალაქეებს ექიმისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ადგილზე არ იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებულ მოქალაქეებს პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის ექიმისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. აქციის პერიოდში მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა, მათ ადგილზე მიმართა ათეულობით ადამიანმა, რომელთაც ძირითადად სჭირდებოდათ დახმარება წნევის მომატების, თავის ტკივილის ან მაღალი ემოციური ფონის გამო. თითოეულ მათგანს გაეწია შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი