უცხო ფულით პოლიტიკის დაფინანსება აკრძალულია ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ეს არის კანონის გვერდის ავლა - პაპუაშვილი

05 აპრილი 2024, 13:52 422 ნახვა

NED-ის ხელმძღვანელობისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ საქართველოში მათი აქტივობები იქნებოდა გასაჯაროებული, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერ ვიღებდით პასუხს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, NED-ის მხრიდან საქართველოში ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდება.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩთან პერიოდულად მაქვს შეხვედრები. ასევე, რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა NED-ის ხელმძღვანელობასთან, შეხვედრა მქონდა USAID-თანაც. მათ შორის, მათთან მქონდა საუბარი NED-ის ნაწილზე და დაფინანსების გაუმჭვირვალობაზე. NED-ის ხელმძღვანელობისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ საქართველოში მათი აქტივობები იქნებოდა გასაჯაროებული. შარშან, გაზაფხულზე მქონდა პირველი შეხვედრა და შევთანხმდით, რომ ვებგვერდზე განათავსებდნენ ან საჯაროს გახდიდნენ, მათ შორის, ჩვენც მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ. შემდეგ კავშირზე იყო ჩემი კაბინეტი და ერთი მისამართიდან მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე მოხდა გადამისამართება და ასე ჩაიკარგა პასუხები. მეორე ტალღაც ასე იყო, მესამეც. საბოლოო ჯამში, ვერ ვიღებდით პასუხს, მაგრამ შემდეგ შემთხვევით ვიგებდით, რომ პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან. NED-ის მხრიდან ფინანსდება გახარიას პარტიის ყალბი „ენჯეობი“, NED-ის მხრიდან ფინანსდება სხვადასხვა პარტიების ყალბი „ენჯეოები“, რომლებზეც ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში არის ინფორმაციები. მაგალითად, „დროას“ ამბავი შემთხვევით გავიგეთ – ელენე ხოშტარიამ დაპოსტა და იმ პოსტში გაამჟღავნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რა ფული შემოდის უცხოეთიდან და რაზე იხარჯება.

"გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი? რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპარლამენტი და ევროკავშირი, როდესაც დირექტივას იღებენ, იგივე მიდგომა ქართველებს რომ გვქონდეს, ეს არ არის ევროპული? უცხოური გამჭვირვალობის დაფინანსება არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხი. რა თქმა უნდა, ერთადერთი სუბიექტი, ვისაც შეუძლია ამ საკითხზე იმსჯელოს, არის ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლებაა. სხვა ქვეყანას ჩვენი უსაფრთხოების საკითხებში ცოდნა, კომპეტენცია და მანდატიც არ აქვს. მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხს შეგვიძლია, განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. არსებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც  ყველა მხრიდან საფრთხეა, ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ვიცოდეთ, რა ფული შემოდის და რაზე იხარჯება. ერთადერთი, რაზეც ყალბი კამპანია დგას, რომელიც შარშანაც იყო, არის ყვირილით საღი აზრის ჩახშობა. არცერთი საღი არგუმენტი არ არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა განმარტა, რომ კანონპროექტი არც ერთ ფიზიკურ პირსა და ინდივიდს, მათ შორის, სტუდენტებს, ემიგრანტებს, ფერმერებს, შშმ პირებს არ ეხება.

„შარშანაც ეწერა და წელსაც იგივე წერია, ცვლილებები არცერთ ფიზიკურ პირსა და ინდივიდს არ ეხება, წერტილი. პრობლემა იყო დასახელება – აგენტი. მაშინაც ვთქვით, რომ ეს იყო გადმოღებული ტერმინი. ახლა იმავეს რატომ არ ამბობენ? რადგან ეს ტერმინი გადმოღებულია პირდაპირ ევროდირექტივისგან და ამაზე საუბარი გააჩერეს. ამბობენ, რომ დაფინანსება შეჩერდება. რატომ შემცირდება? რა გამოდის, საქართველოში დაფინანსება იმ პირობით შემოდის, რომ ის დაფარული იყოს? საქართველოში ასეთი ფული შემოდის? კონკრეტულ ჯგუფებს ტყუილები აშინებენ, რომ დაფინანსება დაგაკლდებათო. ამერიკული, ევროპული თუ სხვა ფონდები საქართველოში იმიტომ შემოდიან და ფულს იმ პირობით ხარჯავენ, რომ იყვნენ ფარული და გაუმჭვირვალე, ეს არის პირობა? – მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუონ, ამას „ენჯეოები“ აკეთებენ. უცხოური ფული ქართველი ხალხის მოტყუებაში იხარჯება. ყველას შევახსენებ, ცხრა პუნქტიდან პირველი დეზინფორმაციაზე უარის თქმაა და დღეს ევროპული ფული დეზინფორმაციაში იხარჯება. არის მცდელობა, ქართველი ხალხი და პარლამენტი გააჩუმონ. მივიღოთ არა ისეთი კანონები, რომლებიც ქართველ ხალხს სჭირდება, არამედ ისეთი რეგულაციები იყოს, რაც უცხოეთიდან დაფინანსებულ ვიწრო ჯგუფს სჭირდება. რაც შეეხება შშმ პირებს, მივმართავ მათი, ტყუილია, თითქოს კანონს რაიმე გავლენა ჰქონდეს თქვენს შესაძლო დაფინანსებაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი