რამდენიმე დონორი უხეშად არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, უკანონოდ აფინანსებენ პარტიებს, რადიკალურ ჯგუფებს, სწორედ ეს არის უცხოური ჩარევა არჩევნებში - პაპუაშვილი

02 აპრილი 2024, 12:21 528 ნახვა

მივაწყდით აბსოლუტურად ყრუ კედელს, რამდენიმე დონორი უხეშად არღვევს საერთაშორისო დახმარების სფეროში არსებულ სტანდარტებს, ხდება რადიკალური ჯგუფების, პარტიების იატაკქვეშა და უკანონო დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად ქვეყანაში დიდი ფული შემოდის.

„სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ მივაწყდით აბსოლუტურად ყრუ კედელს დონორების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არაერთხელ მქონდა საუბარი როგორც დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ისე უშუალოდ დონორების ხელმძღვანელობასთან, არის რამდენიმე დონორი, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო დახმარების სფეროში არსებულ სტანდარტებს. ყველას შევახსენებ, ეს არ არის დაურეგულირებელი სფერო იმ მხრივ, როგორც გინდა რომ ჩახვალ იმ ქვეყანაში და დახარჯავ ფულს. არსებობს საერთაშორისო თანამშრომლობის, საერთაშორისო დახმარების პარიზის დეკლარაცია, რომელიც ავალდებულებს დონორებს, ერთი მხრივ, იყვნენ გამჭვირვალე და მეორე მხრივ, პასუხისმგებელს ხდის იმ შედეგებისთვის, რომელიც დგება მათ მიერ ფულის ხარჯვით.

 

სამწუხაროდ, ამ ჩვენს მოწოდებებს, დახურულ კარს მიღმა საუბრებს, საჯარო მოწოდებებს არანაირი შედეგი არ მოაქვს, ვინაიდან, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყრუ კედელია ამ მხრივ და ხდება რადიკალური ჯგუფების აბსოლუტურად იატაკქვეშა დაფინანსება, პარტიების უკანონო დაფინანსება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილს მოსამართლეებთან დაკავშირებით დედაქალაქის ქუჩებში გაკეთებულ წარწერებზე დაუსვეს კითხვა.

პაპუაშვილის თქმით, მოსამართლეების წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ და რამდენიმე „ენჯეოს“ ერთობლივი კამპანია მიმდინარეობს.

"გუშინ მოსამართლე ჩხიკვაძისგან მოვისმინეთ კიდეც, რომ მისი ოჯახის წევრები და შვილიც ამის გამო დაზიანებული არიან. სხვადასხვა ჯგუფები, აქტორები შიგნით თუ გარეთ როდესაც გამოდიან, სემინარების ენით გვესაუბრებიან უფლებებსა და სტანდარტებზე, აი, დაირღვა ბავშვის უფლება, დაირღვა სტანდარტი და ახლა სად არიან ის პირები, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებლები. სად არიან ისინი, უცხოელი დიპლომატები და ენჯეოები, რომლებმაც თავის დროზე ეს კამპანია წაახალისეს, სად არის ბოდიში ამ ადამიანისა და მისი შვილის მიმართ. ამიტომ, ეს საქმე ასე არ ჩაივლის, ვერავინ მიაჩუმათებს. ქართული სახელმწიფო ვერ გაატარებს იმას, რომ უსამართლო მორალური ტერორი მოხდა მოსამართლეზე, ასევე მის ოჯახის წევრებზე. ამას ჩვენ სათანადო პასუხი თუ არ გავეცით, სათანადო რეაგირება თუ არ იყო მათი მხრიდან, ვინც ეს კამპანია წაახალისა, შემდეგი იქნება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც შეიძლება, ასე დაზიანდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც დადასტურდა, რომ მოსამართლეებზე სანქციების დაწესება იყო უსამართლო, უსაფუძვლო და ჩვენ ჯერჯერობით, არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია არცერთი იმ საელჩოსგან, რომლებიც თავის დროზე, ორი წლის წინ, იყვნენ მონაწილენი ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიის.

პაპუაშვილის თქმით, თავის დროზე ამ უსამართლო სანქციებმა ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ მისცა საბაბი, რომ მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი