საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება.
"უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!
როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.
ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.
მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში",- წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველო პირველ შეხვედრას დორტმუნდში 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.