ისინი ცდილობენ, წაგებული არჩევნების პირობებში შექმნან ისეთი ფონი, რომელიც ადამიანებს დაარწმუნებს სიცრუეში, რომ არჩევნებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„მეტი შანსი არ აქვთ - როდესაც იცის ოპოზიციამ, რომ არჩევნებს აგებს, ერთადერთი, რაც დარჩენილია, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემებზე საუბარია. შესაბამისად, უნდათ დააბულინგონ ცესკოს თანამშრომლები და ცოტა ფრთხილად იყვნენ ამასთან დაკავშირებით, რადგან ასე არ ხდება არც საინფორმაციო ველზე და არც ისე - არავინ არავის დაუთმობს ვინმეს დაბულინგებას. ამ ქვეყანაში ყველას აქვთ თავისი უფლებები და ნუ მოეჩვენება ვიღაცებს, ასე რომ ველოლიავებით ახლა ოპოზიციას, დავუთმობთ ამ ხალხის დაბულინგებას.
ადამიანი როგორც კი ობიექტური გახდება, იმ წუთასვე მიაკერებენ, რომ ის არის „ქართული ოცნების“. ანუ, ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის აზრით, საქართველოში ობიექტურობა ნიშნავს „ქართული ოცნების“ მომხრეობას. ამ შემთხვევაში მართლაც ასეა, მაგრამ როდესაც ცესკოზეა ლაპარაკი, ისინი ობიექტურები და დამოუკიდებლები რომ არიან, ამიტომ ნუ დაუწყებენ ბულინგს და ნუ მოატყუებენ ხალხს, რომ იქ რაღაც ხდება და რაღაც კორუფციული გარიგებებია“, -აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, წინასწარ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორგვარი შტურმი იგეგმებოდა გიორგი კალანდარიშვილზე, საინფორმაციო, მორალური და შემდეგ ფიზიკური.
„პირველი ნაწილი დადასტურდა. საინფორმაციო შტურმი მასზე მიიტანეთ და უკადრებელი იკადრა სიუჟეტმა, მისმა ავტორმა, როდესაც მას დააბრალა ისეთი რაღაცები, რაც ბუნებაში არ არსებობს. სიუჟეტის ავტორმა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით გააჩინა ეჭვები, თითქოს ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ახლანდელი შენაძენი და ა.შ. გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიაც კი გაუყალბეს, გარდაცვლილი მამისვე დისკრედიტაციის მიზნით. ეს ერთი ნაწილი, ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის, დადასტურდა. მეორე ნაწილზე, როგორც ვიცი, გარკვეული ეჭვები მანაც გამოთქვა. ამ ქვეყანაში არსებობს გამოძიების დაწყების სტანდარტი, ბრალის წარდგენის, შემდეგ - განაჩენის. გამოძიების დაწყებას არ აქვს ვადები, შეიძლება ერთი თვის შემდეგ გაჩნდეს კიდევ უფრო რეალური გარემოება, რაზეც შეიძლება დაიწყოს ან არ დაიწყოს გამოძიება“, - აღნიშნა მდინარაძემ.