"საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ - შალვა პაპუაშვილი

19 მარტი 2024, 11:37 309 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებებზე ვეტოს დადების რაიმე შინაარსობრივი მოტივი არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. მეტიც, იცით, რომ ამ კანონის პაკეტში შედიოდა რეგლამენტში ცვლილება, რომელიც უკვე ერთი თვეა, ძალაშია, ვინაიდან რეგლამენტის ცვლილებას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე და ამ შემთხვევაში, ვეტოს უფლება არ ვრცელდება. შესაბამისად, მეორე ნაწილი ამ პაკეტისა ერთი თვეა, ძალაშია და საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზეც დავძლევთ ვეტოს. რაც შეეხება ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს, გუშინაც ითქვა, თქვენც ადევნებდით თვალყურს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვას, რომ სინამდვილეში, რაიმე შინაარსობრივი მოტივი არ არსებობდა. კერძოდ, ითქვა, თითქოს ეს ცვლილება არ უნდა იქნა მიღებული ასე, ვინაიდან ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტს, რაც არის ტყუილი. არ არსებობს ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, რომელშიც ასეთი სისტემა იქნებოდა. ასევე ითქვა, თითქოს ეს ცვლილება არ უნდა იქნას მიღებული, ვინაიდან ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას. რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებიც ასევე არ იზიარებს ვენეციიის კომისიის დასკვნას. ითქვა, თითქოს ცვლილება ეწინააღმდეგება ცხრა პუნქტს, რაც ასევე ტყუილია. ცხრა პუნქტიდან მეოთხე პუნქტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნები გაიმართოს სამართლიანად, კონკურენტუნარიანად.

არჩევნები გამართული იქნებოდა იმ პირობებში, რომ გვეყოლებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ორი წევრი, რომლებიც სრული ვადით არ არიან არჩეული. ეს მისცემდა საბაბს ოპოზიციას, კვლავ დაეწყო პროტესტი შედეგებთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში გაიშიფრა, გეგმა რაც იყო. ოპოზიციური მოადგილე უნდა გამხდარიყო კომისიის თავმჯდომარე. ვხედავთ წნეხს, რომელიც ახლა ცესკო-ს თავმჯდომარეზე მიმდინარეობს, იქნება ეს მედიიდან, ოპოზიციიდან, თუ არასამთავრობო სექტორიდან. ვხედავთ, რომ არის სურვილი, ჩამოეცილებინათ ის თავმჯდომარეობას და შემდგომ „ლელოს“ ჩაეტარებინა არჩევნები. რომელ სამართლიანობაზეა საუბარი „ლელოს“ ჩატარებულ არჩევნებში. ამიტომ, სამი ტყუილი ითქვა გუშინ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით. სამ ტყუილში როცა იქნება გამოჭერილი ასეთი შენიშვნები, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაიმე შინაარსობრივი მოტივი.

ერთადერთი მოტივი, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, ეს არის, შეუქმნას საბაბი „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ახლა უკვე მეოთხედ არ აღიაროს არჩევნების შედეგები. 100 პროცენტით გარანტირებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. 2012 წელს არ აღიარეს, 2016 წელს არ აღიარეს, 2020 წელს არ აღიარეს, ამიტომ ეს გამოცდილება გვეუბნება, რომ ახლაც აპირებენ, არ აღიარონ არჩევნები. უკვე რევოლუციური სცენარებისთვის ემზადებიან  და ამისთვის იმზადებენ საბაბებს. ეს საბაბი არის, მათ შორის სწორედ ეს ე.წ. მოტივირებული შენიშვნები. სისულელეა, რაც გუშინ ითქვა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან, თითქოს ერთპარტიულზე იქნება ცესკო. რვა ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი ცესკოში, რა ერთპარტიულობაზე საუბრობენ საერთოდ. ეს უკვე არითმეტიკის არცოდნაა,  უფრო სწორად კი, იმის წარმოდგენა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არითმეტიკა არ იციან და ვერ დათვლიან, რომ რვა სხვადასხვა ოპოზიციური პარტია არის ცესკო-ში წარმოდგენილი. ასე რომ, ერთადერთი მოტივი ამ შენიშვნის, არის საბაბის შექმნა არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში