ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფაში, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ - იაკლი კობახიძე

16 მარტი 2024, 15:49 458 ნახვა

ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე გვქონდა ძალიან სასიამოვნო, ნაყოფიერი საუბარი. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი იყო გლობალურ-პოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. რა თქმა უნდა, მომავალშიც, ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული მეგობრობა და ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს სტრატეგიულ პარტნიორობას ორ სახელმწიფოს შორის.

"დღეისთვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის, ასევე, გვაქვს კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო, გავაღრმაოთ ურთიერთობები და თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის.

 

კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის. დღეს, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი