აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტში, საქართველოს დახმარების სახით, 80 მილიონი დოლარია გათვალისწინებული

12 მარტი 2024, 12:33 515 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს დახმარების სახით, 80 მილიონი დოლარი არის გათვალისწინებული. შესაბამისი დოკუმენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მოთხოვნა საქართველოსთვის მხარს დაუჭერს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მედეგობას მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ. დაფინანსება დაეხმარება ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის, კანონის უზენაესობის გაძლიერებას; მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძალისხმევას; გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს, მხარს დაუჭერს შერიგების ძალისხმევებს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და სუფთა ენერგიის გამოყენებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიცირებისთვის; დაეხმარება გაციფრულებას და გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას და მედეგობას; გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობას, დაეხმარება საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ინიციატივები გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, საჯარო ანგარიშვალდებულებას, შიდა კონტროლსა და ზედამხედველობას და მთავრობის კეთილსინდისიერებას“, – ნათქვამია შესაბამის დოკუმენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი