ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა, საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება - პრემიერი

05 მარტი 2024, 14:21 254 ნახვა

საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა. თქვენი ნიჭის რეალიზება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი პიროვნული წარმატებისთვის, არამედ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის და ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება. ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის უმთავრესი ინსტრუმენტი არის განათლების სისტემა. მზადდება და შემოდგომაზე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ, ოთხწლიან გეგმას, რომელიც განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, პიროვნული განვითარების ფართო შესაძლებლობის შექმნასთან ერთად, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებას და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას

„პიროვნული განვითარების ფართო შესაძლებლობის შექმნასთან ერთად, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებას და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. ამ მიზნით განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო განათლების ყველა საფეხურზე შესაბამის რეფორმებს განახორციელებს. მინდა გამოვყო სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ, ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება აღიზრდება. ეს ხედვები ცხადია ახალგაზრდული პოლიტიკის ზოგად ხედვაში სათანადოდ აისახება“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრო წარმოადგენს პირველად დოკუმენტს ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან და ის საბოლოო სახეს მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში