საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს, ნილაკში საჰა სინჰას შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
მათივე ცნობით, ხაზი გაესვა ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისში მუდმივი დიპლომატიური მისიის გახსნასთან დაკავშირებით; ასევე – საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. პრემიერმა ელჩს მადლობა გადაუხადა ინდოეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.