ცესკოს შესახებ ახალი კანონი ჩიხიდან გამოსვლას ითვალისწინებს - ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი 2024, 15:11 493 ნახვა

ცესკო-ს შესახებ კანონში ჩიხი შექმნა იმ პუნქტმა, რომელიც თავის დროზე საბოტაჟის წყალობით ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში. ახალი კანონი ჩიხიდან გამოსვლას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს არ სჭირდება ჩიხი, სჭირდება გამართული საარჩევნო კომისია.

„ცესკო-ს შესახებ კანონს რაც შეეხება, არსებული კანონი, რომელიც თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებას ეფუძნებოდა, ითვალისწინებდა ჩიხს. რეალურად, დღეს ცესკო ერთგვარ ჩიხშია შესული, ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი წევრი არჩეული არიან დაახლოებით ორი წლის წინ, ექვსი თვის ვადით და მხოლოდ იმის გამო უგრძელდებათ უფლებამოსილება, რომ ახალი თავმჯდომარე და წევრები არ არიან არჩეული. ეს არის ჩიხი, ანუ სუსტი ლეგიტიმაცია. ეს ჩიხი შექმნა იმ პუნქტმა, რომელიც თავის დროზე საბოტაჟის წყალობით ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში. ახალი კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას.

 

ეს განვმარტეთ ევროპელი პარტნიორების წინაშე და მათი მხრიდან ძალიან კარგად იქნა მიღებული ჩვენი არგუმენტები. ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი, გვჭირდება გამართული საარჩევნო კომისია, რომელიც გამართულად ჩაატარებს პროცესს. შესაბამისად, ჩვენ ინსტიტუტების სიძლიერის პრინციპით ვმუშაობთ. მოგვიწია ჩვენი პოზიციის მკაცრად დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის დასკვნაში იყო განსხვავებული ჩანაწერი. შეგახსენებთ სრული ნონსენსია კანონში, სადაც მითითებულია, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს შეუძლია, შეასრულოს ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობა. ასეთ ნონსენსს როცა გვირჩევენ, ჩვენი ვალია, წარმოვადგინოთ კანონი, რომელიც ცესკო-ს მიუკერძოებლობას, ეფექტურობას უზრუნველყოფს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა განმარტა, რომ მოქმედი კანონის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში მის პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კონკრეტულად „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, რაც მიუღებელია, რადგან ცესკო-ს თავმჯდომარე არ შეიძლება, იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი.

"რაც შეეხება ცესკო-ს, მე ვერ შევალ ასეთ დეტალებში, თუმცა ასეთი რისკები ყოველთვის არსებობს. არსებული კანონმდებლობა ქმნიდა ჩიხურ ვითარებას, როდესაც ორი წლის წინ ექვსი თვით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები იკავებდნენ თანამდებობას. გარდა ამისა, მოქმედი კანონის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში მის პოზიციას იკავებდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, კონკრეტულად, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი. მიკერძოებული ადამიანი. ხომ ყველას გვესმის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე არ შეიძლება, იყოს მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი. არ გამოვრიცხავ არავითარ სცენარს, მით უმეტეს, რომ არჩევნების საბოტაჟი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი. ისინი ყველაფერზე წავიდოდნენ, ჩვენთვის მთავარია, ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და ცესკო არის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი, რომლის ხელშია ერთ-ერთი უმთავრესი დემოკრატიული ინსტრუმენტი, ეს არის არჩევნები. სწორედ არჩევნებით განისაზღვრება, საბოლოო ჯამში, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში. ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის ასეთი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება და სწორედ ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ცოტა ხნის წინ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი