საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს - შპს „დემეს“, ი/მ ანდრეი ხარბედიას და ი/მ ვიქტორია კვინტრაძეს ჯარიმა დაეკისრათ, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
"სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, შპს „დემეს“ - 2 031.45 ლარი, ი/მ ანდრეი ხარბედიას 600 ლარი და ი/მ ვიქტორია კვინტრაძეს 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს"- აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარეებლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში.