მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ ორი თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რომელიც ამ სტატუსს მოაქვს. მას ასევე მოაქვს დივიდენდები - არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ ჩვენი მუშაობის ტემპს, იმისთვის რომ ევროკავშირის და 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე დაიდოს შედეგები და სამოქმედო გეგმის შესრულება - იქნება ეს ეკონომიკური თუ საინვესტიციო გეგმა, იქნება ეს ზოგადად რეფორმების განხორციელება ქვეყანაში, იმისთვის რომ საქართველო ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს“, - განაცხადა ვარჰეიმ.
მისივე განმარტებით, საქართველო თუ ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად.
როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, წევრობისთვის ნათელი და მკაფიო პირობებია განსაზღვრული.
„მიმაჩნია, რომ შესაძლებლობების ეს ფანჯარა თავისთავად ახლა იქმნება. შეიძლება, ძალიან ადრეული იყოს იმის თქმა, როდის მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მხრიდან, კომისიის მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კანდიდატებისთვის ყველაფერი იყოს გაკეთებული, იმისთვის, რომ მოემზადონ 2030 წლისთვის, თუ 2030 წელი იქნება. თუ მანამდე მოხდება, მანამდე იქნება, მაგრამ ნათელი და მკაფიო პირობებია განსაზღვრული წევრობისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ქვეყანა წევრი, როდესაც შეასრულებს ყველა პირობას. საქართველო 2030 წლისთვის თუ იქნება მზად და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად 2030 წლისთვის, რადგან ეს ორმხრივი მიმართულებაა, კანდიდატი თუ ცდილობს, მაშინ ევროკავშირიც უნდა ეცადოს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.