შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ფაქტზე მყისიერად მოხდა რეაგირება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გუშინ კორცხელის №53-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები.