ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ ხელი შეუწყოს ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, მათი მხრიდან დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები ვრცელდება - ცესკო

15 თებერვალი 2024, 20:39 323 ნახვა

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების ჭრილში, ცესკოს საქმიანობა მორიგი დისკრედიტაციის საგანი გახდა. ამის შესახებ განცხადებას თავად ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცესკოს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარის საქმიანობაში, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომელიც მათ დამოუკიდებლობას ან მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ (TI) თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გააგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, შეუნარჩუნებს მას ცესკო-ს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას და სრულ კონტროლს საარჩევნო ადმინისტრაციის მთელ ვერტიკალზე“.

ხაზგასმით გვინდა, განვაცხადოთ, რომ ცესკო-ს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარის საქმიანობაში, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომელიც მათ დამოუკიდებლობას ან მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული საუბარი იმაზე, რომ ეს ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის ვერტიკალის დაქვემდებარებას, მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციის იმიჯის შელახვას და პოლიტიკურად აფილირების მცდელობას ემსახურება.

ამასთანავე, საზოგადობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია 17 წევრისგან შედგება, მათ შორის რვა პროფესიული ნიშნით არის არჩეული, ცხრა კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება და არა ერთპიროვნულად. შესაბამისად, არ არსებობს იმის რაიმე საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია.

ამასთან, TI-ს ხელმძღვანელი პრესკონფერენციაზე საუბრობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, თუმცა არაფერს ამბობს ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის პარტიული წევრების დამოუკიდებლობის საჭიროებაზეა საუბარი და ეხება მხოლოდ პროფესიული წევრების ეგრეთ წოდებულ მიკერძოებას, რასთან დაკავშირებითაც არანაირი ობიექტური მტკიცებულება არცერთ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.

შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ხელი შეუწყონ არჩევნების მოდერნიზების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, მათი მხრიდან დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები ვრცელდება. აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი არის, თუ რამდენად იცავს ის კანონსა და ეთიკის ნორმებს. ამ მხრივ კი საარჩევნო ადმინისტრაცია უმაღლეს სტანდარტს აჩვენებს არსებული კანონმდებლობის პირობებში და ასევე გააგრძელებს ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაშიც.

საარჩევნო ადმინისტრაცია სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგრძელებს მუშაობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახუროს. ჩართულ მხარეებს კი მოვუწოდებთ, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ  საარჩევნო პროცესს და გარემოს“,- აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში