სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, შენობაში ერთსა და იმავე ხალხთან შეხვედრა არის ერთ წრეზე ტრიალი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ევროპული ერთიანობის პლატფორმა მისასალმებელია.
„ჩემი აზრით, ახლა აღარ არის დისკუსიების დრო და უბრალო ლაპარაკის, ახლა დროა საქმეზე გადასვლის, კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართვის, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების და სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლების, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული რაღაცები. მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ რუსული დეზინფორმაცია არის ცუდი, ეს არაფერს გვაძლევს. უნდა იყოს კონკრეტული წინადადებები ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ, მარტო ლაპარაკი, რომ უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, არაფერს გვაძლევს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უზრუნველვყოთ თავისუფალი არჩევნები.
მე არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილზე რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, შენობაში ერთსა და იმავე ხალხთან შეხვედრა არის ერთ წრეზე ტრიალი. თავისუფლების მოედანი დაპატარავდა სპეციალურად, რომ სივრცე შეამცირეს. იპოდრომი, ის, რაც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობი ადგილია, პრაქტიკულად აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია. თუ ქალბატონი სალომე აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის აპირებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „წინა ხაზზე“ ბრძოლას, რადგან მისი განცხადებით, სწორედ აქ წყდება საქართველოს მომავლის ბედი.
„მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ, ასევე, ბევრი საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა - არ ყოფნის საკითხი, აქ წყდება საერთოდ გვექნება თუ არა მომავალი, თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.