დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. აღნიშნული დოკუმენტი ინიცირებისთანავე პოლიტიკოსებს შორის დავის საგანი გახდა. საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესზე.
თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, მაშინ "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
ცვლილებები მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვის, ფიქრობენ, რომ კანონპროექტი რეპრესიულია და თანაც ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
გარდა ამ ნაწილისა, ოპოზიცია საფრთხეებს ცესკოში ოპოზიციის კვოტის გაუქმებაშიც ხედავს, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოადგილე არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული, იგი ცესკოს დამოუკიდებლობას უსვამს ხაზს.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიციამ ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაცია დაიწყო.