ოპოზიცია არის ძალიან სუსტი და ამიტომ ჩვენ თავად უნდა გავაკონტროლოთ საკუთარი თავი, ჩვენი უწყებების საქმიანობა - ირაკლი კობახიძე

08 თებერვალი 2024, 23:43 410 ნახვა

იქ, სადაც ოპოზიცია არის სუსტი და სუსტი პირველ რიგში ამ კუთხით, რომ ფაქტების ნაცვლად ზოგად აღქმებზე, აბსტრაქციაზე საუბრობენ, ჩვენ თვითონ უნდა გავაკონტროლოთ საკუთარი თავი და ჩვენი უწყებების საქმიანობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიცია არის ძალიან სუსტი. თქვენ უსმენდით ამ დღეების განმავლობაში, ოპოზიცია საუბრობს არა ფაქტებით, არამედ ზოგადი წინადადებებით, რაც, ბუნებრივია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეფექტიანი კონტროლი განხორციელდეს მთავრობის საქმიანობაზე სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, იგივე კორუფცია, ეფექტიანობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ა.შ. ასეთ ვითარებაში ჩვენ თვითონ უნდა გავაკონტროლეთ საკუთარი საქმიანობა, საკუთარი უწყებების საქმიანობა და ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვსაუბრობდი თვითკონტროლზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობაში არის სრული ინტერესი, რომ კორუფციის არც ერთ ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე.

„ჩვენ არ გვაქვს ინტერესი, ვინმეს ხელი დავაფაროთ კორუფციის შემთხვევაში. ჩვენი დამოკიდებულება იქნება აბსოლუტურად არალოიალური კორუფციის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ. ამის მხრივ გაგრძელდება მუშაობა. ეს არის საკმაოდ ამბიციური ამოცანა, არ არის მარტივი, მაგრამ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებელს გავეჯიბროთ, შეგვიძლია, ევროპის სამეულშიც მოვხდეთ ამ თვალსაზრისით. არის პოლიტიკური ნება და ამ პირობებში ყველაფერი არის შესაძლებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დაასახელა ორი მიზეზი, რატომაც, მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს საგარეო ვიზიტებზე თანხმობას.

„იცით წინა ისტორია, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც, ბუნებრივია, შესაბამისად აისახება ამ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ნებისმიერ ადამიანს, თანამდებობის პირს, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება კონსტიტუციას, ქვეყნის ძირითად კანონს, გაუჭირდება ასეთ თანამდებობის პირთან თანამშრომლობა. ორი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე – ერთი არის ის, რომ მან შეგნებულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია. ეს არის პირველი მიზეზი. მეორე მიზეზი არის ის, რომ ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ბოლო დღემდე, ბოლო დღის ჩათვლით ვერ ვათქმევინეთ მას, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვზრუნავთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი სად გაემგზავრება, სად არ გაემგზავრება. ეს არ არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია და შეიძლება, გააგრძელოს ამ პრაქტიკის მიხედვით მოქმედება.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში