სოფელ წონიარისში განვითარებულმა მეწყერმა ბარამიძეების საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ნანგრევებში ერთი პირი მოჰყვა, მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სამაშველო სამუშაოებში ადგილობრივებიც იყვნენ ჩართული.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყერი საავტომობილო გზებზეც განვითარდა, დაახლოებით 15 ლოკაციაზე.
მათივე ცნობით, ქვების, ხისა და მიწის მასამ საავტომობილო გზები ჩაკეტა. ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს დეპარტამენტის რვა ერთეული ტექნიკა აწარმოებს.
მეწყერი განვითარდა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე. მათ შორის, შეფერხებულია მოძრაობა სოფელ გულების მონაკვეთზე. უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულია მდინარეები, რის გამოც დაიტბორა გზები, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების ეზოები.
დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში ჩამოწოლილმა ზვავმა და მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ზვავს სახლში მყოფმა მამაკაცმა გამოასწრო, ხოლო 60 წლამდე ქალი დაიღუპა.