2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები ახალი ელექტრონული მოწმობებით უფასოდ ჩანაცვლდება - რატი ბრეგაძე

05 თებერვალი 2024, 11:21 686 ნახვა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, სამინისტროს 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძემ ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა.

„2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, 2024 წელს აქტიურად გაგრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა და შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის 130 ფილიალი მოემსახურება მოქალაქეებს.

„ფართოვდება იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი და დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობა თბილისში, ვგულისხმობ გლდანის ფილიალს, ხაშურში, სამტრედიაში, თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, ცაიშში, ზოტში, ტოლებში, შროშასა და ჭალაში. შედეგად ჩვენ გვექნება 130 იუსტიციის სახლი მთელ საქართველოში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის განცხადებით, გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი.

„გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზის და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმის წარმოების მიმართულებით.

 

შედეგად, სამართლებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობის დონე კიდევ უფრო მეტად ამაღლდება, ასევე, გაგრძელდება საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც, ერთგვაროვანი საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა გაუმჯობესებული სისტემატიზაცია კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ჩვენი მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იურისტებისთვის საჭირო სამართლებრივ ინფორმაციაზე წვდომას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებაში არის ქართული ინოვაციური პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი მოწონება აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

"ეს არის ქართული ინოვაციური პროგრამა, რომლის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ სრული წვდომა ჰქონდეთ სახელმწიფო სერვისებზე და,  რა თქმა უნდა, ასევე იუსტიციის სახლებით სარგებლობენ ჩვენი თანამშრომლებიც. ეს არის უპრეცენდენტო პროექტი და ქართული ინოვაცია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მოწონება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პირდაპირ ვიტყვი, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისთვის სერვისების მიწოდების კუთხით. დღეს პატიმრებს საქართველოში აქვთ იმის შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფო სერვისები და ასევე, კერძო სერვისები ზუსტად თითქმის იმავე გარემოში, რომელშიც მიჩვეული არის ზოგადად მომხმარებელი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძემ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

"დაბა ლაითურში ახლადგახსნილი, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივი დატვირთვის პარალელურად, დასრულდება ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა ქალაქ რუსთავში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი