„ბანანზე“ 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მთავარი ბრალდებულის წინააღდეგ არასრულწლოვანები აძლევენ ჩვენებას. ეს ის მოწმე არასრულწლოვანები არიან, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ზურაბ საღინაძემ ზღვაში ლუკა აბულაძესთან ერთად გადაყარა და მიატოვა.
სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. სხდომის დახურვა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით პროკურორმა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა და სხდომის ნაწილობრივ დახურვას ითხოვდა. ბანანზე მოზარდის დაღუპვის საქმეზე ზურაბ საღინაძეს ბრალდება 2-ზე მეტი პირის მიმართ, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობას ედავება.
შემთხვევა ბათუმში გასული წლის 4 ივლისს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 16 წლის ლუკა აბულაძე კიდევ სამ არასრულწლოვანთან ერთად ზღვაში კატერზე გამობმული „ბანანით“ გაიყვანა და მცურავი საშუალებიდან განზრახ გადააგდო.
სამმა მოზარდმა სანაპირომდე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს.