საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 29-ე ადგილზე დაწინაურდა - ევროპის ანტიკორუფციული ცენტრი

26 იანვარი 2024, 14:00 343 ნახვა

კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 29-ე ადგილზე დაწინაურდა. კეთილსინდისიერების 2023 წლის ინდექსი ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა გამოაქვეყნა.

საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც ქვეყნისთვის ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე, ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია. საქართველო საუკეთესო 30 ქვეყანას შორისაა და 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა. 

ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის განმარტებით კეთილსინდისიერების ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყანაში.

ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.

კეთილსინდისიერების რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ჯამში 11 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას. ამასთან, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში და აგრეთვე, ლიდერია მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნებს შორის.

საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ბელგია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა, ბულგარეთი, თურქეთი, ისრაელი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და სხვა.
განსაკუთრებული წინსვლა საქართველომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორის მიხედვით განიცადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში