ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე გადასვლა, იქნება დამოკიდებული ცხრა ნაბიჯის შესრულების პროგრესზე - პაველ ჰერჩინსკი 

26 იანვარი 2024, 13:26 1599 ნახვა

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ მძიმე სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო -  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ 9 დათქმაზე მუშაობა ინკლუზიურად და კონსტრუქციულად მოხდება.

„9 ნაბიჯი დაადგინა ევროკომისიამ და შეათანხმა ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში გამართულ ევროკავშირის ისტორიულ სამიტზე, რომელზედაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ახლა ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული. ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მძიმე შრომის მხოლოდ დასაწყისია. იმედი გვაქვს, მუშაობა დაჩქარდება, რომ იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და მოხდება საქართველოს შეფასება და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ეტაპზე, კერძოდ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაც შეიძლება სწრაფად გადავალთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მოხდება 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე“, - აღნიშნა ელჩმა.

ჰერჩინსკის მოწოდებაა, საქართველოს ხელისუფლებამ დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა.

„ევროკავშირის წევრობის მოპოვება ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ არ არის აუცილებელი ხანგრძლივი პროცესი, როდესაც საქმე ვადებს ეხება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განახორციელებს საქართველო რეფორმებს. ეს რეფორმები დასახული არ არის ბრიუსელისთვის ან სხვა ვინმესთვის თავის მოსაწონებლად. ისინი დადგენილია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა, ამიტომ თავად საქართველოს ინტერესებშია განახორციელოს ეს რეფორმები და იყოს მზად ევროკავშირში შესვლისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე  განმარტებით, ყურადღებით მიადევნებენ თვალს არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ იქნება თანაბარი პირობები და არ ექნება ადგილი ძალადობას.

„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე, რათა ჩაერთოს და წარმოადგინოს თავისი პროგრამები და, პირველ ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩის განმარტებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია და საქართველოს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება. ასე რომ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს საზღვრები ძალიან კარგად არის დაცული არა მხოლოდ საქართველოს გულისთვის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში