უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 84 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამპყრობლებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 19 საჰაერო დარტყმა, 68 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან.
"ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დამპყრობლების 5 თავდასხმა დონეცკის ოლქის ტერნის, ტორსკოეს დასახლებების რაიონებში.
ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსების 8 თავდასხმა დონეცკის რეგიონში ბოგდანოვკას, ივანოვსკის, კლეშჩეევკასა და ანდრეევკას მახლობლად"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
უკრაინული მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში უკრაინაში საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა. ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელი ცნობა გავრცელდა ოდესის, ხერსონის, მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადისა და დონეცკის ოლქებში.