მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბიურომ, ჯამში, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ინფორმაციით, მათ შორის, ბიურო პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება. ანტიკორუფციული ბიურო გეგმავს აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას, ასევე მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ქონებრივ დეკლარაციებს. ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა კომისიამ მიიღო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.