ქობულეთის “შუქურამ” ლიცენზია ვერ მიიღო და ლიგა 4-ში დაქვეითდა

11 იანვარი 2024, 20:53 905 ნახვა

საფეხბურთო კლუბი ქობულეთის “შუქურა” ეროვნულ ლიგა 4-ში დაქვეითდა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

"უნდა აღინიშნოს, რომ ლიცენზირების კომიტეტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად, ფ.კ. ქობულეთის შუქურას უარი ეთქვა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში და კრისტალბეთ ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო - PRO, A და B საკლუბო ლიცენზიებზე. შედეგად, შუქურა ასპარეზობას კრისტალბეთ ლიგა 4-ში განაგრძობს, დებულების თანახმად კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში რუსთავი, ხოლო კრისტაბლეთ ლიგა 3-ში მაჭახელა დაწინაურდება.

ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებები ლიცენზირების გრაფიკით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა შემდგომ ინსტანციაში - სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოში და, აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილებები ითვლება საბოლოოდ” - წერია განცხადებაში . 

შეგახსენებთ რომ 2023 წლის სეზონში ქობულეთური კლუბი ეროვნულ ლიგაში ასპარეზობდა, სადაც ბოლო მე-10 ადგილი დაიკავა. გამომდინარე აქედან კლუბი რანგით მეორე ლიგაში დაქვეითდა, თუმცა ლიცენზირების ვერ გავლის გამო “შუქურა” კიდევ ორი ლიგით დააქვეითეს და ახლა ლიგა 4-ში იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში