ვენეციის კომისია სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევასთან დაკავშირებით 19 აპრილის სქემას უნდა დავუბრუნდეთ - გივი მიქანაძე

20 დეკემბერი 2023, 12:14 498 ნახვა

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის - სამართლებრივი არგუმენტების გარეშე იმის დაწერა, რომ 19 აპრილის სქემას დავუბრუნდეთ, გამართლებული არ არის, - აღნიშნულ შეფასებას "ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე აკეთებს.

მიქანაძის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების არჩევასთან დაკავშირებული სისტემა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში იმიტომ გადმოვიდა, რომ სისტემა ჩიხში შევიდა და საერთოდ ვეღარ ფუნქციონირებდა.

„დასკვნასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, რადგან პროცესი დეტალურად და არგუმენტირებულად ავხსენით. ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ იმის თაობაზე, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შერჩევის პროცესი პრეზიდენტიდან პარლამენტში გადმოსულიყო. პრეზიდენტმა პროცესი ჩიხში შეიყვანა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა დემარში მოაწყვეს, რათა პრეზიდენტის კომისიაში მონაწილეობა არ მიეღოთ. პროცესი წინ ვერ წავიდა იმის გამოც, რომ ხუთი თვის განმავლობაში გამოცხადებულ კონკურსზე, უნდობლობიდან გამომდინარე, განაცხადი ერთმა ადამიანმაც კი არ შეიტანა. ინერგება რა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხმის მიცემას ელექტრონული აპარატების მეშვეობით ითვალისწინებს, საჭიროა ცესკო-ს გამართული ადმინისტრაცია ჰყავდეს.

ამისთვის საჭიროა წარმოდგენილი იყოს ცვლილებები, რომელიც მეტ გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას მოიცავს. ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი საერთოდ არ არის წარმოდგენილი და საუბარია იმაზე, რომ ორიენტირი 19 აპრილის სქემაზე გაკეთდეს. ვენეციის კომისიის დასკვნაში არცერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის – სამართლებრივი არგუმენტების გარეშე იმის დაწერა, რომ 19 აპრილის სქემას დავუბრუნდეთ, გამართლებული არ არის. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების არჩევასთან დაკავშირებული სისტემა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში იმიტომ გადმოვიდა, რომ სისტემა ჩიხში შევიდა და საერთოდ ვეღარ ფუნქციონირებდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი