მიხარია, რომ დღეს ერთად ვზეიმობთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, წინ, საქართველო, წინ - ჰერჩინსკი

15 დეკემბერი 2023, 18:42 612 ნახვა

გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ, პირველ ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

"გილოცავთ. დღეს ისტორიული დღეა. ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ, პირველ ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე როგორც აქ და ახლა. მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

ამიტომ, ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები. საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია – ძალა ერთობაშია. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის. ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და მომავალი თაობებისთვის.

თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ, გილოცავ, საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის. წინ, საქართველო, წინ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი