2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახა ის პროგრამები, რომლებიც სრულყოფილად პასუხობს ჩვენი ქვეყნის ძირითად ამოცანებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს. მისი თქმით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,2 პროცენტია. მომდევნო წელს საშუალო ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2,8 პროცენტს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5 პროცენტის ოდენობით, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 38 პროცენტს შეადგენს.
ლაშა ხუციშვილის თქმით, 2023 წლის ბოლოსთვის, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8 000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2027 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (ე.წ. PPP-ის მიხედვით) 30 000 დოლარს მიაღწევს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 108 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებზე, რომლის ჯამური რესურსი 25 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს და მისი ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლებია, რომლის მოცულობა 2024 წელს განსაზღვრულია 22 მილიარდ 53 მილიონი ლარის ოდენობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 110 მილიონი ლარით, რაც, ძირითადად, გამოწვეულია საფინანსო სექტორის მიერ გადასახდელი თანხის დაზუსტებით.
გადასახადების გარდა, 2024 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია: გრანტები – 400 მილიონი ლარი; სხვა შემოსავლები – მილიარდ 945 მილიონი ლარი; პრივატიზაცია – 350 მილიონი ლარი; სესხების დაბრუნება – 270 მილიონი ლარი; დეფიციტის ნომინალური მაჩვენებელი ორი მილიარდ 187 მილიონ ლარს შეადგენს.