ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. „ცაჰალის“ ინფორმაციით, ძირითადი ბრძოლები ანკლავის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში მიმდინარეობს. რამდენიმე რეიდი მოეწყო ჯებალიაშიც. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ჯებალიის ლტოლვილთა ბანაკი, ისრაელის ტანკებით არის გარშემორტყმული.
თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, ისრაელი და „ჰამასი“ ჰუმანიტარული პაუზის შესახებ ახალ შეთანხმებასთან ახლოს არ არიან. ჯონ კირბის თქმით, ასევე არ არის სიახლე მძევლების დაბრუნების შესახებ. გაეროს საბჭო კი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას სავარაუდოდ დღეს განიხილავს.
თეთრი სახლი ასევე ავრცელებს ინფორმაციას პრეზიდენტ ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ. ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას.