რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - რუმინეთის ელჩი

06 დეკემბერი 2023, 13:42 436 ნახვა

შუა დერეფანი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, მისი მნიშვნელობა გაიზარდა. რუმინეთი მუდამ მხარს უჭერდა ამ პროექტს, – ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა.

რუმინეთის ელჩი თბილისში მიმდინარე შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.

„დღეს მე დავესწარი შავი ზღვის პლატფორმის შეხვედრას. ამ პლატფორმას მესამედ ვესწრები. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც სახელმწიფოთა წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობა და კერძო სექტორი ხვდებიან ერთმანეთს. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, მისი მნიშვნელობა გაიზარდა. რუმინეთი მუდამ უჭერდა მხარს ამ პროექტს, როგორც ალტერანტივას ტრადიციული სატრანსპორტო გზებისთვის. ჩვენი აზრით, პოტენციალი არსებობს და ის გაზრდილია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო დაასრულებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, ასევე, დერეფანს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის“, – განაცხადა რუმინეთის ელჩმა.

მისივე თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„როგორც იცით, 14-15 დეკემბერს შედგება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ასევე გადაწყვეტილება იქნება რამდენიმე სხვა ქვეყანასთან დაკავშირებითაც. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ერთსულოვნად, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ. ყველა ქვეყნის სახელით ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ რაც შეეხება რუმინეთს, რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც ის მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, – განაცხადა რაზვან როტუნდუმ.

ამასთან, როგორც რუმინეთის ელჩმა აღნიშნა, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა რეკომენდაციებთან დაკავშირებით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში