აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ე.წ. შუა დერეფანი ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, SPECA-ს ეკონომიკური ფორუმი უნიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა სექტორული თანამშრომლობისთვის და ჩარჩო ინიციატივად იქცა რეგიონში სტაბილური, მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
"ყველას მოგესალმებით, სასიხარულოა ჩემთვის მოძმე აზერბაიჯანში ვიზიტი და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებისთვის გაერო-ს სპეციალურ პროგრამაში ჩართული სახელმწიფოების მეთაურების სამიტში მონაწილეობა. მაქვს პატივი, საპატიო სტუმრის რანგში მივმართო დღეს აქ შეკრებილ გამორჩეულ საზოგადოებას. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ჩემი მოწვევისთვის საპატიო სტუმრის რანგში, ამ ფორუმის შესანიშნავად ორგანიზებისთვის და ულამაზეს ქალაქ ბაქოში ჩვენი გულთბილი მასპინძლობისთვის. მე ასევე გულწრფელად გილოცავთ ამ პროგრამის დაარსების 25 წლის იუბილეს, რომელიც შეიძლება ითქვას, უნიკალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა სექტორული თანამშრომლობისთვის და ჩარჩო ინიციატივად იქცა რეგიონში სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. ძვირფასო კოლეგებო, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსოფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ე.წ. შუა დერეფანი ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის, შეიძლება ითქვას ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ, აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, აზერბაიჯანთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48 პროცენტით.
"2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მლნ ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი“,- აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში, გაიმართა. მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მიწვევით SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრება.