იმდენჯერ ააცილეს საკუთარი პროგნოზი საარჩევნო შედეგებს, რომ დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავსაც აღარ ენდობიან - კობახიძე IRI-ის კვლევაზე

16 ნოემბერი 2023, 12:53 567 ნახვა

გაიხსენეთ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ არ ატყუებდა ქართულ საზოგადოებას. იმდენჯერ ააცილეს საკუთარი პროგნოზი საარჩევნო შედეგებს, რომ დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავსაც აღარ ენდობიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, გაკეთდეს ცხრილები, რომელი ორგანიზაცია რა შედეგებს დებდა არჩევნების წინ და საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნა, რომელი კვლევები უფრო ემთხვეოდა საარჩევნო სურათს.

"კიდევ ერთხელ შეგიძლიათ, გაიხსენოთ წარსულში ჩატარებული კვლევები, რა კვლევებს აქვეყნებდა, მაგალითად, IRI, რომელსაც უტარებდა „აიპიემი“, რა კვლევებს აქვეყნებდა NDI, რომელსაც ატარებდა CRRC, რა კვლევებს აქვეყნებდნენ კონკრეტული ტელევიზიები და ამის მიხედვით საზოგადოებას შეუძლია, გამოიტანოს დასკვნები, როგორ სჯობს პროგნოზების გაკეთება. რომელი კვლევები უფრო ემთხვეოდა საბოლოო ჯამში იმ შედეგებს, რომლებიც აისახებოდა საარჩევნო სურათში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, გაიხსენეთ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ არ ატყუებდა ქართულ საზოგადოებას. თავის თავს აღარ ენდობიან ეს ორგანიზაციები, იმდენჯერ ააცილეს საკუთარი პროგნოზი საარჩევნო შედეგებს, რომ დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავსაც აღარ ენდობიან.

 

ძალიან მარტივად შეგიძლიათ, გააკეთოთ ცხრილი, ვინ რა შედეგებს დებდა არჩევნების წინ და რა შედეგები დაიდო შემდეგ არჩევნებზე. მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ ცხრილი და აქედან გამომდინარე გამოიტანოთ დასკვნები, ვინ ატყუებდა საზოგადოებას და ვინ – არა, მარტივად დადეთ ცხრილი. მეტ სიღრმეში არ შევალ. საზოგადოებას აჩვენეთ ცხრილები, „აირაის“, „ენდიაის“, „გორბის“, შემდეგ დავდოთ არჩევნების ცხრილები და ვნახოთ, ვინ უფრო მეტად ახერხებდა პროგნოზების გაკეთებას. ერთად მარტივად დავდოთ ციფრები, შემდეგ აქედან გამოვიტანოთ დასკვნები. მგპირდებით, ჩვენ გავაკეთებთ ამას, გავაკეთებთ ამ ცხრილებს, წარვუდგენთ საზოგადოებას და საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დარწმუნებულები არიან არა მარტო იმაში, რომ დამაჯერებლად მოიგებენ ამ არჩევნებს, არამედ იმაშიც, რომ თვისებრივად გაიზრდება მათი მანდატების რაოდენობა.

„ნაციონალური მოძრაობა“ 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული, ვერცერთი სხვა პარტია 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს. რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში, ეს პატარა პარტიები არ არიან პოლიტიკური პარტიები. ისინი არიან რამდენიმე კაცისგან შემდგარი პოლიტიკური კლუბები. პოლიტიკური კლუბი, რა თქმა უნდა, ვერასოდეს გადალახავს 5%-იან ბარიერს. თუ ხარ პარტია, ამ შემთხვევაში ბარიერის გადალახვა არ გიჭირს. ეს არის საერთო სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა დარწმუნებულები ვართ არა მარტო იმაში, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს, არამედ დარწმუნებულები ვართ, რომ თვისებრივად გაიზრდება ჩვენი მანდატების რაოდენობა“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის" მთავარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ეს დაპირისპირება და კინკლაობა კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს. 

"ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ ის უქნიათ. მთავარია ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს ეს დაპირისპირება და კინკლაობა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს 2024 წლის საარჩევნო შედეგების სათანადოდ წარმოდგენას. ეს პროცესები "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდა გაგრძელდეს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც ნაკლები ექსტრემისტული პარტია და პოლიტიკური კლუბი შევა პარლამენტში, მით უკეთესი იქნება.

"ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის 5%-იანი ბარიერი. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სტაბილურად გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება საერთო სურათს, რაც ნაკლები ექსტრემისტული პარტია და პოლიტიკური კლუბი შევა პარლამენტში, მით უკეთესი“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი