ძალაში უნდა დარჩეს 5%-იანი ბარიერი, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ სტაბილურად განვითარდეს დემოკრატიული პროცესები - ირაკლი კობახიძე

14 ნოემბერი 2023, 13:01 600 ნახვა

ჩვენ შარშან, ივლისში გავეცით ასეთი დაპირება, თუ დეკემბერში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში ერთი თვის განმავლობაში, ანუ 2022 წლის ბოლომდე დავწევდით ბარიერს, ლოგიკა იყო, რომ თუ შარშან მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, ეს შეამცირებდა პოლარიზაციის ხარისხს, ასეთ პირობებში, შედარებით ლოგიკური იქნებოდა შედარებით დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციას ჰქონდა არჩევანი შარშან, დეკემბერში, არ დაებლოკათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ დავწევდით საარჩევნო ბარიერს, თუმცა ისინი წავიდნენ ვაბანკზე, კიდევ ერთხელ სცადეს რევოლუციის მოწყობა.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ, შარშან, დეკემბერში არ დაებლოკათ კანდიდატის სტატუსი და ასეთ შემთხვევაში დავწევდით ბარიერს, თუმცა მათ აირჩიეს სხვა გზა, შარშან, დეკემბერში ისევ დაბლოკეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის, გააღვივეს პოლარიზაცია, ერთი წელი აძახებინეს რადიკალურ ოპოზიციას ჩვენზე, რომ ვიყავით რუსული ძალა, არ გვინდოდა კანდიდატის სტატუსის მიღება და ა.შ. ეს იყო მათი არჩევანი. მათ ჰქონდათ არჩევანი შარშან, დეკემბერში, შეეძლოთ არ დაებლოკათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ დავწევდით საარჩევნო ბარიერს, თუმცა ისინი წავიდნენ ვაბანკზე, კიდევ ერთხელ სცადეს რევოლუციის მოწყობა, შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერით....

ასევე, ამ თემასთან დაკავშირებით იყო გარკვეული განხილვა, როდესაც საქართველოში იყო ჩამოსული ევროკომისარი ბორელი, იქ კითხვები დაისვა ამასთან დაკავშირებით, რამდენად იყო ჩვენს გეგმებში ბარიერის დაწევა და იქ განემარტათ ჩვენს კოლეგებს, რომ ჩვენს გეგმებში არ იყო ბარიერის დაწევა. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ 4%-ზე დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ, თუ არ ვცდები, მხოლოდ ოთხ ქვეყანაში, დანარჩენი ყველა ქვეყანაში მოქმედებს ყველაზე დაბალი 4%-იანი ბარიერი, უმეტეს შემთხვევაში მოქმედებს 5%-იანი ბარიერი, ასევე უკრაინასა და მოლდოვაში მოქმედებს 5%-იანი ბარიერი. ჩვენ ისედაც „ჩამოვრჩებით“ მოლდოვასა და უკრაინას და არ გვინდა, ამაშიც ჩამოვრჩეთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალაში უნდა დარჩეს 5%-იანი ბარიერი, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ სტაბილურად განვითარდეს დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი