ქართული ციხე, სამწუხაროდ ხშირად შიგნიდან ტყდება ხოლმე, შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია, მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს - პაპუაშვილი

13 ნოემბერი 2023, 16:45 393 ნახვა

შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს და სამწუხაროდ საქართველოში გვყავს, როგორც პოლიტიკურ, ისე სხვა სეგმენტებში ხალხი, რომლებიც არიან სულიერი შთამომავლები მათი, ვინც თავის დროზე ერეკლეს ზარბაზნების საკითხებზე ხმამაღლა ყვიროდა, ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში არიან ჯგუფები, რომლებმაც შეძლეს, გასულ წელს შეეფერხებინათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის.

„ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებმაც შეძლეს შარშან, ივნისში, შეეფერხებინათ კანდიდატის სტატუსის მონიჭება, შექმნეს ყალბი აღქმები ქვეყანასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ დღესაც ცხვირ-პირი ჩამოსტირით რადგან ხედავენ, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება, მოგვენიჭოს. ქართული ციხე, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში შიგნიდან ტყდება ხოლმე და როგორც ჩანს, არიან ის ჯგუფები, მსურველები, რომ ციხეს შიგნიდან ძალიან ბეჯითად გამოაცალონ სხვადასხვა საყრდენები, ჩამოაგდონ ციხის კედელი, მაგრამ საქმეც იმაში არის, რომ ამას ცდილობენ ბოლო 11 წელია და თავის მიზანს ვერ აღწევენ....

რა არის ამაში გასაკვირი, რომ რუსეთი რეგიონზე გავლენის მოხდენას ცდილობს და ცდილობს, რომ საკუთარი გავლენა ჰქონდეს. სწორედ ამიტომაც არის ოკუპაციის საფუძველი, სხვა რამ კი არ არის. ეს არის ის, რომ თავისი გავლენები ჰქონდეს რეგიონში და სწორედ ამიტომ არის ჩვენი მცდელობა, რომ მოვიპოვოთ ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, მოვიპოვოთ ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, ეს არის მთელი არსი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა ბოლო 11 წელია, რომ საქართველო მყარად დააკავშიროს ევროკავშირს, იმ სივრცეს, რომელიც არის მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე. ერთ მხარეს არის რუსეთი, მეორე მხარეს არის ქართული რადიკალური ოპოზიცია, შუაში არის ქართველი ხალხი და საქართველო. სამწუხაროდ, როგორც რუსეთის, ისე რადიკალური ოპოზიციის და სხვა ჯგუფების მხრიდან, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო არის თავდასხმის ობიექტი. სხვადასხვა ინტენსივობის, სხვადასხვა შინაარსის, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ შედეგი და მიზანი არის ის, რომ მათ სურთ ქართული სახელმწიფოს დაზიანება და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ სვლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში