მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 1000-მდე ასეთ ოჯახს მთავრობა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს.
"მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, უსახლკაროები ან გაუსაძლის პირობებში მცხოვრებლები, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი დაახლოებით 1 000-მდე ოჯახია, ვისაც სამი შვილი და მეტი ჰყავს, არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 000-მდე ასეთ ოჯახს შევუძინოთ ბინები და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება მაქსიმუმ ორწლიანი პროგრამა. ამ პროგრამას ჩვენ გაისად დავიწყებთ და ჯამურად, დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგი მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული.
ასევე გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია და ეს ჯამურად საკმაოდ დიდი თანხებია, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. საკმაოდ მცირე თანხები იყო და ესეც გავაოთხმაგეთ, გავახუთმაგეთ რიგ შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.