„ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მისივე ცნობით, ღაზას სექტორში საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ისრაელის სახმელეთო ჯარები „ოპერაციებს აფართოებენ“. ჰაგარი ასევე აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე საათია, ისრაელმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორში. მისივე თქმით, ისრაელი გააგრძელებს დარტყმებს ქალაქ ღაზასა და მის მიმდებარე რაიონებზე ღაზის სექტორის ჩრდილოეთით და კვლავ მოუწოდებს პალესტინელებს სამხრეთით ევაკუაციისკენ.
„ჰამასის“ სამხედრო ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადები აცხადებენ, რომ სამხრეთ ისრაელის ქალაქები სდეროთი და აშდოდი ინტენსიური სარაკეტო სროლების სამიზნეა. „ჰამასის“ ცნობითვე, სარაკეტო თავდასხმის სამიზნეა ასევე ქალაქი აშკელონიც.