ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ - ირაკლი შოთაძე

24 ოქტომბერი 2023, 11:13 438 ნახვა

ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს ვერ გავცდები, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.

„სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება აშშ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა საგამოძიებო დეტალებზე, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძიებას სუს-ი აწარმოებს.

 

ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ. მიმდინარეა გამოძიება, არსებობს გამოძიების ინტერესები და ვერ გავცდები იმ ფარგლებს, რაზეც უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა. არაერთი სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

 

2013 წლიდან მოყოლებული, ფარცხალაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია პროკურატურასთან და არ შეიძლებოდა ჰქონოდა. ესაა უბრალოდ სპეკულაცია. საჯარო ღონისძიებებზე მქონია შეხვედრები. ჩვენი სამსახურებრივი ურთიერთობა საჯაროდ ცნობილია, ყოფილა მასთან კომუნიკაცია, თუმცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ შეხვედრა არ მქონია. საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ სამსახურებრივი ურთიერთობა გვქონდა. აშშ-ის განცხადებაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ, ამაზე გამოძიება მომდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძემ კომენტარი გააკეთა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ საგამოძიებო პროცედურები ინტენსიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდგომ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

შოთაძის თქმით, დაკითხულია ასეულობით მოქალაქე, დანიშნულია მთელი რიგი ექსპერტიზები და დაზარალებულებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს წვდომა აქვთ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში