ინდივიდუალურად ვმუშაობთ ევროკავშირის ყველა წევრთან, ბევრი ქვეყნისგან გვაქვს ძლიერი, პოზიტიური გზავნილები, რომ საქართველო იმსახურებს სტატუსს - ილია დარჩიაშვილი

11 ოქტომბერი 2023, 14:39 566 ნახვა

უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

„ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთან, რათა უნგრეთის ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი, ყველას საერთო მიზანია, ევროპული პერსპექტივის შემდეგ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. უნგრეთისა და ევროკავშირის კიდევ სხვა, ბევრი წევრი ქვეყნის ძალიან ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიიღებს. უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ – ეს არის ევროკავშირის საბოლოო, სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის შეფასებით,  ვიქტორ ორბანის ვიზიტი არის ძალიან ძლიერი გზავნილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

„ვიზიტისას გაიმართება სამთავრობოთაშორისო შეხვედრა მინისტრების მონაწილეობით, რაც გააძლიერებს ორ შესაბამის კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობას და ახალ იმპულსს მოიტანს სამთავრობო თანამშრომლობის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. უნგრეთი ყოველთვის იყო, არის და აუცილებლად იქნება მომავალშიც ჩვენი მხარდამჭერი. ჩვენ ორმხრივ ფორმატში ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ევროკავშირთან, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას და მობილიზებას ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისა იმ მიმართულებით, რომ ინდივიდუალურად არის საჭირო ჩვენთვის კონკრეტული ქვეყნის ერთი ხმა, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორმხრივ ფორმატებში შესაბამისი წევრი ქვეყნების მობილიზება ამ მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება, მათ შორის შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის მიმართულებით.

როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი ღირებულ წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგები უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ფართო საზოგადოებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი