რაც 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დარჩება ყველაზე მტკივნეულ მოვლენად - პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2023, 11:19 441 ნახვა

სამი ათწლეულის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა. მასთან ერთად დაეცა ჩვენი თაობის იმედიც, რომ სწრაფად მომხდარიყო ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნის დასავლური ერების ოჯახის წარმატებულ წევრად გარდაქმნა. რუსეთის იმპერიული ამბიციები იმ დროს უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, ენახა მთლიანი და თავისუფალი საქართველო, - ამის შესახებ Facebook-ზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს, რითაც სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავს ეხმიანება.

მისივე თქმით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და თაობათა მრავალსაუკუნოვანი ოცნების მიღწევისკენ ჩვენი სწრაფვა ძალაზე დაფუძნებული საერთაშორისო პოლიტიკის მომაკვდინებელ რეალობას შეეჯახა.

„თუმცა, მას შემდეგ საქართველომ ბევრისთვის მოულოდნელი სიმტკიცე გამოავლინა. ჩვენ მოვახერხეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლების შექმნა, წესრიგის აღდგენა, კრიმინალსა და კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ავტორიტარიზმის დამარცხება, ხალხზე მზრუნველი დემოკრატიული ხელისუფლებისა და სოციალური სახელმწიფოს შექმნა, სიღარიბის შემცირება, ნატოსა და ევროკავშირთან არსებითად დაახლოება, მშვიდობის შენარჩუნება და დინამიკური ეკონომიკის განვითარება.

ეს ყველაფერი გასული 30 წლის განმავლობაში განხორციელდა, რაც წარმოუდგენელი შეიძლება იყოს ბევრი სხვა ერისთვის. აღნიშნული მიღწევა და პროგრესი გვაძლევს იმედს, რომ ის, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დარჩება ყველაზე მტკივნეულ მოვლენად, მომავალში კი უფრო მნიშვნელოვანი წარმატებები გველის იმ ეროვნული მიზნების მიღწევაში, როგორებიც არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, ეროვნული ერთიანობის აღდგენა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაცია.

ნათქვამია, ყველაზე უკუნი საათი გათენებამდეაო. უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ეს ყველაზე ბნელი საათი იყო მხოლოდ დასაწყისი იმ უკეთესი მომავლისა, რაზეც ქართველები ვოცნებობთ“, - წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი