ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა "დინამო" ბათუმმა შინ "დინამო" თბილისს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ეთამაშა.
შეხვედრაში ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა, პაატა ღუდუშაურის გადაცემით ვლადიმერ მამუჩაშვილმა ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა.
სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება 37-ე წუთზე შეძლეს, სადებიუტო შეხვედრაში შორეული გასროლით ეფექტური გოლი კადეტემ გაიტანა.
მეორე ტაიმის 52-ე წუთზე კი შეხვედრაში უკვე "დინამო" თბილისი დაწინაურდა. მოედნის ცენტრში გიორგი ზარიას წინააღმდეგ ბარნსმა ითამაშა კარგად, რის შემდეგაც დავით სხირტლაძემ მეკარესთან პირისპირ გიორგი ხარაიშვილი დატოვა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.
65-ე წუთზე ბათუმელებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიეცათ. პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მამუჩაშვილმა შეასრულა, მაგრამ ლორიამ ჯერ მისი დარტყმული ბურთი მოიგერია, შემდეგ კი დამატებაზე ჯოვინოსაც აჯობა.
73-ე წუთზე კი ბათუმელებმა შეხვედრაში წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხეს. ცოტნე ფაცაციას გადაცემით პაატა ღუდუშაურმა იხეირა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.
26 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 56 ქულით "დინამო" ბათუმი ლიდერობს, კონკურენტ თბილისის "დინამოს" 7 ქულით უსწრებს.
მომდევნო შეხვედრას ანდრეი დემჩენკოს გუნდი 28 სექტემბერს სტუმრად ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართავს.